“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და ,,ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე მაია მიქავამ.
მემორანდუმის მიზანი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის (ფერმერებისთვის) სასოფლო-სამეურნეო სფეროში ცოდნის ამაღლების და სერვისების გაუმჯობესებისთვის ერთობლივი ინიციატივების და ღონისძიებების ხელშეწყობაა.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მერიაში მოეწყო, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა.
,,გვინდა მჭიდრო კავშირი გვქონდეს ყველა პროექტთან, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს ჩვენს მუნიციპალიტეტში. სამწუხაროდ, მოსახლეობის ინფორმირებულობა ამ მიმართულებით ნაკლებია. მემორანდუმი სწორედ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება” – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას.
ამასთანავე, მერმა აქცენტები სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა ის სფეროა, რომლის განვითარებასა და წარმატებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
„წელს თხილის მოსავალი შარშანდელთან შედარებით უკეთესია, ფაროსანასთან ბრძოლაც გადამწყვეტ ფაზაშია შესული და დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ჩვენი ბრძოლა მავნებლებთან კიდევ უფრო ეფექტური იქნება“. – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
შეკრებილებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოძრავი მანქანა-ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა. ამავე შეხვედრაზე მერმა ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა:
„ჩვენთან მუნიციპალიტეტში დაინერგება კუთხე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა პროექტის შესახებ, აგრეთვე მათ გაეწევათ კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით. ერთობლივად, ეფექტური ნაბიჯების განხორციელებით უკეთეს შედეგებს მივაღწევთ“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.