მაჟორიტარ დეპუტატს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. ამის შესახებ პროკურატურაში აცხადებენ.

უწყების ცნობით, თამთა თოდაძე ხვალ, 11:30 საათზე დაბარებულია პროკურატურაში დადგენილების გასაცნობად.

ამასთან, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

„ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი