„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დღეს მთავრობისთვის არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებს, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, კონსორციუმმა გუშინ წარადგინა ხედვა და მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
“ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავით იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ წარვადგინეთ ხედვა, მოვუწოდებდით მთავრობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ, მაგრამ დღეს, 12:00 საათზე გამართული ბრიფინგი ცალსახად ადასტურებს, რეალურად რა განწყობა აქვთ. კიდევ ერთხელ ხდება ამ პროექტის ძალიან ნეგატიური დაკნინება და ხელისშემშლელი პირობების წაყენება“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
მისი შეფასებით, თუ მთავრობა ხელშეკრულებას გაწყვეტს, აღნიშნულ პროექტში მაღალი რეპუტაციის მქონე არც ერთი ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას.
„კიდევ ერთხელ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა გონივრულ ზომებს მიიღებს“, – აცხადებს ლევან ახვლედიანი.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება.