„ანაკლიის კონსორციუმი“ მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს

რა თქმა უნდა, ხელშეკრულების არ შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

ახვლედიანი აღნიშნული განცხადებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება გაგრძელებული მათი პარტნიორული დამოკიდებულებით. ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც არის გადასაჭრელი“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ინვესტორებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგემელი.

„ვფიქრობ, დაუყოვნებლივ შეხვედრაა ჩასატარებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ის საკითხები, რომლებიც აქამდეც იყო, ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ერთობლივი ძალებითაა გადასაწყვეტი“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი