საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება. ამის მიზეზი ხურჩაში 19 მაისს მომხდარი მკვლელობაა.
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილი გალა კონცერტიც გაუქმდა, რომელიც “სკეიტ პარკში” უნდა გამართულიყო, გალა კონცერტთან ერთად გაუქმებულია ყველა მუსიკალური ნომერი, რომელიც 26 მაისს მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე მცირე სცენაზე იყო დაგეგმილი.
26 მაისის აღნიშვნა ზუგდიდში სიმბოლურად მოხდება, ქალაქის ცენტრში დილიდან სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართება. 09:00 საათიდან ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, სამშობლოსთვის დაცემული გმირების სულის მოსახსენიებლად პანაშვიდს აღავლენენ. 11:00 საათიდან სპირიდონ კედიას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლებს გვირგვინებით შეამკობენ. 12:00 საათზე კი ლომოურის ქუჩაზე აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების სკვერი გაიხსნება. ასევე, 12 საათზე ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ახალგაზრდები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და “მშვიდობის მარშს” მოაწყობენ.
ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას 26 მაისს დაკრძალავენ.