ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ადგილობრივებს ჯუმის, ახალსოფელის, ნარაზენისა და შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს. აგრეთვე, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, წყლის სისტემის, ამბულატორიების, გარე განათებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია დაასახელა. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღია შეხვედრები მოსახლეობასთან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მათი აზრის გათვალისწინებით, მათთან კონსულტაციითა და უშუალო ჩართულობით უნდა მოხდეს იმ პრობლემების მოგვარება რაც მათ აწუხებთ.
შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად და ადგილობრივების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდება.