სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
გარკვეულ ტერიტორიებზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის სიტუაცია რამდენიჯერმე დაიძაბა. თავდაპირველად სპეცრაზმის გამოჩენას პარლამენტის შესასვლელებთან განთავსებული აქციის მონაწილეები ხელებაწეული შეხვდნენ.
პარლამენტის ყველა შესასვლელი სპეცრაზმმა დაიკავა. ამასთან, პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები ამ დროისთვის აღებულია. სპეცრაზმმა კარვები აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანის პარალელურად აიღო.
ამასთან, პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი წყლის ჭავლის გამოყენებისას დასველდა და სხეულის გადაციების გამო შოკურ მდგომარეობაში იყო. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით ჯანდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ “ახალგაზრდას, რომელიც პარლამენტიდან დღეს დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, არა სხეულის გადაციება, არამედ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა”.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.