“საზოგადოებისთვის პატრიარქის კრიტიკა მისაღები ბიძინა ივანიშვილმა გახადა”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნა და საზოგადოებისთვის პატრიარქის კრიტიკა მისაღები გახადა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ განაცხადა.

ერქვანიამ დღეს პარლამენტში მწვავე განცხადებები გააკეთა, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება დაანონსა.

“ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ, ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. ქვეყნისთვის ყველაზე დამანგრეველი კი ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაა. სამწუხაროდ, ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს ხელისუფლების მხრიდან მხრიდან გაკეთებული ეკლესიისა და პატრიარქის მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნა და საზოგადოებისთვის პატრიარქის კრიტიკა მისაღები გახადა. უმრავლესობამ სხვადასხვა თანამდებობებზე ეკლესიისა და პატრიარქის მოძულეები აირჩია. ხელისუფლებამ ქვეყანაში მიმდინარე უზნეო და გარყვნილ პროპაგანდას მხარდაჭერა გამოუცხადა. ვტოვებ “ქართულ ოცნებას” და საპარლამენტო უმრავლესობას”, – განაცხადა ერქვანიამ.

მისი თქმით, ეკლესიის თემა არაა ერთადერთი რის გამოც დატოვა პარლამენტი.

ალექსანდრე ერქვანია მე-14 დეპუტატია, ვინც ბოლო პერიოდში უმრავლესობა დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი