საქართველოში კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია – მინისტრი

კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ლუგარის ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში. მე მყავს პირად კონტროლზე აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ვმუშაობთ ერთობლივად. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო. გვაქვს ყველა ინფორმაცია შემომავალ მგზავრზეც და იმ მგზავრებზეც, ვინც იმყოფებიან ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ. საფრთხის რისკი რა თქმა უნდა, მომატებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ყველა ღონისძიება გატარებული, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ამ საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. დამატებითი რეგულაციები უკვე შემოვიღეთ, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო. თუ საჭირო გახდება დამატებით გამკაცრდეს სასაზღვრო ზონის დაცვა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ არ ვართ მომხრე სრულიად ავკრძალოთ შემოსვლა საქართველოში, ვინაიდან გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი. შემოსულ მოქალაქეებს კი ვისაც დახმარება სჭირდება, მოვათავსოთ ისინი სტაციონარში ან გვყავდეს კარანტინში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, იტალიასთან მიმართებაში ამ ეტაპისთვის დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი