საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, პოლონეთში გაემგზავრა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მერაბიშვილს პოლონეთში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, როგორ მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული, ის მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმძღვანელობის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში.
„ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას. როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის შვიდი წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, – აღნიშნულია ვანო მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.