მუხურის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესს 45 მეხანძრე-მაშველი აგრძელებს.
მათივე ცნობით, რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა კვლავ ვერ ხერხდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთაზე ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. ცეცხლი ეკალბარდს, ბალახს და ბუჩქებს ეკიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მთელი ღამის განმავლობაში, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
დილიდან, ქრობის პროცესში ჩაერთნენ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, აბაშის და სენაკის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.