პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფოსტასა და ჯანმრთელობის სამინისტროს ერთობლივი მექანიზმის შექმნა დაევალათ, რომელსაც სოციალურად დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს ყოველდღიური მომსახურეობის გაწევისთვის შესთავაზებენ.
„ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები უკლებლივ, თითოეული უნდა მოექცეს თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად, ეკონომიკის სამინისტროს და ფოსტას დაევალა ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს იმ მომსახურეობის გაწევისთვის, რომელიც მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარია მოქალაქეებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს, ვინაიდან მისივე განმარტებით, გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობა ვერ გაუმკლავდება.