დღეს 9 მაისია – ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
წელს ქვეყანაში პანდემიის გამო, შეზღუდვებია დაწესებული.
შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რა დროსაც იკრძალება: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია; ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
შესაბამისად, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.