პოლიციამ სამეგრელოში გამოძალვისა და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ სამეგრელოში გამოძალვისა და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

44 წლის მამაკაცი სენაკში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების – “მაგამედისა” და “ხაკიმის” სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის – თემურ გვასალიას დახმარებით, მოქალაქეს მუქარით 60 ათას დოლარს სძალავდნენ.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საქმეში არსებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების საფუძველზე სამართალდამცავებმა დააკავეს პირი, რომელიც სენაკში ერთ-ერთი სასტუმროს ხელმძღვანელსა და მფლობელს კონკრეტულ თანხას სძალავდა. საუბარია 60,000 აშშ დოლარზე. სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ჩხრეკისას 10,000 დოლარი ამოიღეს.

“კურიერის” ინფორმაციით, დაკავებული ამ ეტაპზე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“ბრალდებული და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი ვითომ ე.წ. ჩეჩნური დაჯგუფების წევრების სახელით, ასევე საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის დახმარებით საქართველოს მოქალაქეს 60 000 დოლარს სძალავდნენ. დაკავებული დაზარალებულს შვილის გატაცებით, ასევე მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა,” – აცხადებს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი.

“კურიერი” ასევე დაკავებულის ადვოკატს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაული არ იკვეთება და იკვეთება მხოლოდ ის, რომ მას აქვს კონტაქტი თავის შვილთან, რომლის წარმომავლობას და ცხოვრების წესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ საქმესთან მიმართებაში. უფრო დეტალურად საქმესთან დაკავშირებით უფლებადამცველი საუბარს მას შემდეგ აპირებს, რაც საქმის მასალებს სრულად გაეცნობა.

“ვფიქრობ, რომ მტკიცებულებები, რაც მის მიმართ არის წარდგენილი და ბრალდება, გამოძიების ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ არ არის პირველწყაროსთან იდენტიფიცირებული. არ ვიცი მე ამ მტკიცებულებების უკან რა სუბიექტები დგანან. სავარაუდოდ ბრალდების ფაქტობრივი გარემოებები, როგორიც დადგენილებაშია იკვეთება, თითქოს ბრალდებულს ურთიერთობა გააჩნდა საკუთარ შვილთან და აქედან გამომდინარე თუნდაც ასე მივიჩნიოთ ეს გარემოებები, შვილთან ურთიერთობა რა ცხოვრებითაც არ უნდა ცხოვრობდეს, არ უნდა იქნეს აღებული როგორც დანაშაული,” – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ლაშა ხოშტარია.

გამოძიება ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ფულის გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი