თბილისის 8 ოლქიდან 6-ში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია: ვაკეში კენჭს ელენე ხოშტარია იყრის, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე და ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი, გლდანში კენჭს ნიკა მელია, ხოლო სამგორში ლევან ხაბეიშვილი იყრის.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ოპოციციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ოპოზიციამ ბევრი პრობლემის მიუხედავად, საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება მოახერხა.
ხოშტარიას განმარტებით, საერთო სტრატეგია არის სხვადასხვა ოლქში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხარდაჭერა.
„ძალიან კარგია, რომ ოპოზიციამ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ბევრი განსხვავების, ბევრი პრობლემის მიუხედავად, შეძლო საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება და ეს საერთო სტრატეგია არის სწორედ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხარდაჭერა სხვადასხვა ოლქში.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან მივიღე და მე მგონია, რომ სწორედ ამ გზით ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ხოშტარიამ.