ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.
ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას და მსვლელობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი დაესწრნენ.
,,დღეს ვლაქერნობაა. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავთან, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანთან, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემელის ძვლის ნაწილებთან მოილოცონ. დღესასწაულს მომლოცველები მთელი საქართველოდან ესწრებიან“, – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.