წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი აპარატის თანამშრომელი ფინანსურმა პოლიციამ აიყვანა.
ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანი საოკუპაციო ხაზთან იმ დროს დააკავეს, როცა კონტრაბანდული სიგარეტის გადმოცემა ხდებოდა.
თემურ ღვინჯილიასა და მისი თანამშრომლის დაკავების მიზეზი, სწორედ კონტრაბანდული სიგარეტია, რომელიც თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელს ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოჰქონდა.
დაკავების ფაქტის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაცია გაავრცელა.
უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.
მისივე ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.