ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 89 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 1 224 523.31 ლარია გამოყოფილი.
პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ეწყობა: ხიდ–ბოგირები, მილ–ხიდები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, მოსაცდელები, მემორიალი და გზების რეაბილიტაცია.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ეს არის საუკეთესო საშუალება თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად და სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ თავად განსაზღვრა ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაც უმნიშვნელოვანესია მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის.