ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება.
სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 55 კმ-ია, პროექტის ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
“ზუგდიდში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. წლის ბოლოდმე ზუგდიდში სრულად განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა გვექნება. უსაფრთხო და მოწესრიგებული გზა მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების თვალსაზრისით, ისე რეგიონში დამატებითი სტიმულის გაჩენის მხრივაც, რაც ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და ტურისტულ განვითარებას გულისხმობს”-აღნიშნა ზუგდიდის მერის მოადგილემ.
ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 55 ქუჩაზე მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში რეაბილიტაცია დამატებით 17 ქუჩაზე დაიწყება და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში, საერთო ჯამში, 72 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
ქ. ზუგდიდში უკვე დასრულდა ლ. ბერიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ტყაია-რიყის გავლით, სოფელ პალურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
ქუჩებზე გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.