ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა შვილს თხოვს, ოჯახს დაუკავშირდეს და პოლიციას ჩაბარდეს. მის ვიდეომიმართვას პორტალი „კვირა“ ავრცელებს.
„შვილო ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერი ვიცი შენი ადგილსამყოფელის შესახებ. გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და ყველაფერი ნორმალურად გაირკვევა. გთხოვთ ამას, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. ან დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას. ესაა ჩემი სათქმელი“, – აცხადებს ტარიელ ესებუა ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.