არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.

“2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და „კარუსელი“, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ, ჩვენ ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ “დე იურე” და “დე ფაქტო” არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნებთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას.

ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება”, -ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “პატრიოტთა ალიანსი”; “მოქალაქეები” და “ლეიბორისტული პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”; “კანონი და სამართალი”; “ევროპელი დემოკრატები”; “ერთიანი საქართველო”; “ტრიბუნა”; “გამარჯვებული საქართველო; “სამართლიანობისთვის”; “თავისუფალი დემომკრატები”;”თავისუფლება” ; “თავისუფალი საქართველო”; “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი