„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს.
“ჩვენ, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ “ქართული ოცნების” ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან. ეს შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მისი გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთანავე, როგორც ალეკო ელისაშვილმა განმარტა, იმ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება, რომლებზეც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს.
ელისაშვილის თქმით, თუ ეს ასე არ იქნება, ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს კვლავ დატოვებენ. „ყველაზე მთავარი, ალბათ, კითხვას დამისვამთ: „როგორ ენდობით „ქართულ ოცნებას“, რა გარანტია გაქვთ, რომ არ მოგატყუებენ, არ გადაგაგდებენ.“ ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით, რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, ხოლო ამ საკითხების განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება როგორც შევალთ პარლამენტში, ისე გავალთ ერთი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.