დიდთოვლობის გამო კალა-უშგულის მონაკვეთი ამ დრომდე ჩაკეტილია

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთი ამ დრომდე ჩაკეტილია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მალხაზ თორიას ინფორმაციით,
ტექნიკის მუშაობა საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება. მისივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ნალექის ინტენსივობა დაიკლებს.

ზემო სვანეთში რამდენიმე დღეა თოვს და აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს.

რაც შეეხება სამეგრელოს რეგიონს, უხვ ნალექს არც ერთ მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით,
ცენტრალურ გზებზე ტექნიკური მარილი იყრება, ხოლო ქუჩებზე თოვლის საფარისგან იწმინდება ტროტუარები და მწვანე ნარგავები.

დიდთოვლობის გამო რეგიონის მასშტაბით ფიქსირდება ელექტროენერგიის წერტილოვანი გამორთვები. მალხაზ თორიას ინფორმაციით, პრობლემის წარმოქმნისთანავე ადგილებზე “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს თანამშრომლები გადიან და მუშოობენ ელექტროენერგიის დროულ აღდგენაზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი