შეზღუდვების ნაწილი ხვალიდან იხსნება


საქართველოში ხვალიდან, 1-ელი მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

კერძოდ, შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება ასეთია:

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ელი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;

კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ელი მარტიდან;

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ელი მარტიდან;

საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ელი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ ეტაპს:

სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ელი აპრილიდან;

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი