ორ კვირაში ღარიბაშვილს მოუწევს ასოცირების სხდომაზე კონკრეტული შედეგის ჩვენება – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, “თუ ღარიბაშვილს, ივანიშვილს და მისთანებს წარმოუდგენიათ ისეთი ოპოზიცია, როგორიც უზით პარლამენტში – „ჩმორი“, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ, მაგრამ თუ უნდათ რეალურად სიტუაციის განმუხტვა და დაძლევა, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე”.

„ეს რომ იძულებითი შეხვედრა იყო „ქართული ოცნებისთვის“ დღეს ჩვენ ვნახეთ, მათი მხრიდან არის უსუსური მცდელობა, საბაბად გამოიყენონ და წყალწაღებული ხავსს მოეჭიდონ, ან ერთი არგუმენტი მოიყვანონ, ან მეორე. არანაირი კავშირი არ აქვს იმ ვალდებულებას, რაც მთავრობისა და „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ აიღო ღარიბაშვილმა, იმასთან, იქნება აქცია თუ არ იქნება. აქედან გამომდინარე, თუ რეალურად დაიწყება დიალოგი, ბუნებრივია, ჩვენ კორექტივებს შევიტანთ ჩვენს სამოქმედო სტრატეგიაში, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც გითხარით, არანაირი ცვლილება არ არის. მე დღეს შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პირი არ ჰქონდათ გახსნილი აქტივისტებს და უკვე აკავებდნენ, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს ხელოვნურად გააკეთეს, რომ მერე ღარიბაშვილს კვლავ გინებისა და ფურთხების ტირადა გაეკეთებინა, ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ გუშინ სხვანაირი რიტორიკა ჰქონდათ, დღეს სხვანაირი და ნუ შევიქმნით იმის ილუზიას, რომ ვინმე შეიძლება მოატყუოს, არც ქვეყანაა ჩალით დახურული და არც მსოფლიო. ძალიან მაღლა არის თამასა აწეული – ორ კვირაში ღარიბაშვილს მოუწევს ასოცირების სხდომაზე კონკრეტული შედეგის ჩვენება და ეს გუშინ ღიად და საჯაროდ ითქვა შარლ მიშელის მხრიდან. შესაბამისად, კონსტრუქციული იქნება ხელისუფლება თუ პირველ და მთავარ საკითხს, პოლიტპატიმრების საკითხს, დაძრავს, ამით აჩვენებს საზოგადოებას, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი. ახლა ემოციები, ნერვები გადადოს ყველამ გვერდზე, ერთმანეთის მოწონება არ მოწონება, ასევე, უნდა გადაიდოს გვერდზე და უნდა გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ და რეალური საკითხები არის საერთაშორისოდ განსაზღვრული დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგში შედის 6 საკითხი და აქედან ყველაზე საკამათო და სადაო არის სწორედ პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხი,“- განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, თუ დღეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, მისი საბოლოო სიტყვაა სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მას ამ საბოლოო სიტყვის თქმა ბრიუსელში ასოცირების სხდომაზე მოუწევს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი