სენაკში “მარულა – 2016” გაიმართა

სენაკში “მარულა – 2016” საზეიმოდ აღინიშნა. სენაკის იპოდრომზე საცხენოსნო შეჯიბრებები შემდეგ ტრადიციულ სახეობებში გაიმართა: მარულა, ცხენბურთი, კონკური და ისინდი. საცხენოსნო შეჯიბრში, ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით  მიიღეს მონაწილეობა. მარულას გამარჯვებულები თასებით და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ასევე იპოდრომის ტერიტორიაზე, წარმოდგენილი იყო რეწვის ნიმუშებისა და სოფლის პროდუქტების გამოფენა. იპოდრომის გარე პერიმეტრზე განთავსებულ ფაცხებში მეგრული კერძები ადგილზე მზადდებოდა.

„მარულა – 2016“-ს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო, რომელმაც ღონისძიების დაწყებამდე მხარის რწმუნებულთან, ლევან შონიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილი კუთხეები დაათვალიერა.

ღონისძიება, „ახალგზრდობის წლის“ ფარგლებში ჩატარდა, შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგზრდობის წლად გამოაცხადა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა დაესწო.

„მარულა 2016“, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.

მარულა  სახალხო, ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც 1927 წლიდან იღებს სათავეს და ის ყოველწლიურად სენაკში იმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი