მამუკა წოწერია: ზუგდიდში წყლის, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობის პრობლემები კომპლექსური პროექტებით მოვაგვარეთ

ზუგდიდში წყლის, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობის პრობლემები კომპლექსურად განხორციელებული პროექტებით მოვაგვარეთ“ – ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„სამივე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულებულია – ეს გახლავთ უწყვეტი წყალმომარაგების სისტემა, ესაა წყალარინების სისტემა და რა თქმა უნდა გამწმენდი ნაგებობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2014 წელს ზუსტად განისაზღვრა გამოწვევები და პრიორიტეტები, რომლებიც იდგა ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე და ჩვენ შედეგად მივიღეთ ინტეგრირებული სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კომუნალურ პირობებს და ასევე, უმნიშვნელოვანესია გამწმენდი ნაგებობების მუშაობის პრინციპი, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური გაწმენდის სრული ციკლის შედეგად, გვაძლევს ეკოლოგიურ ეფექტსაც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ. მანვე ყურადღება გაამახვილა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებულ გეგმებზე, მიმდინარე და ჩატარებულ სამუშაოებზე:

,,ზუგდიდის  მუნიციპალიტეტში  2012 წლიდან დღემდე 120 მილიონია უკვე მობილიზებული და კაპიტალური მშენებლობისთვის ხარჯები გაწეული. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ შემდეგი – ყველა სოფელში, 48 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩვენ გვაქ უკვე ცენტრამდე მისასვლელი გზა, რომელიც არ იყო მოგვარებული. ასევე, ქალაქის მასშტაბით უკვე 120-მდე გზა არის რეაბილიტირებული და ჩვენ ვგეგმავთ უახლოესი 2 წლის განმავლობაში ქალაქში სრულიად მოვიცვათ იმ ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც წყალარინების და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის გამო დაზიანდა“

მამუკა წოწერია საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია მოხდება, დაიგება ისეთი გზები, სადაც კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა არასდროს არსებობდა:

„ძალიან მალე ქალაქის მასშტაბით უკვე სრულიად იქნება  მოგვარებული გზის კაპიტალური მშენებლობის პროექტები ხოლო რაც შეეხება სოფლებს, მოგახსენეთ უკვე, რომ ყველა ცენტრამდე მისასვლელი გზა გაკეთებულია და ჩვენ უკვე წელსვე გვაქვს საშუალება რიგით მეორე, მესამე და ა.შ მნიშვნელოვანი გზების პროექტები განვახორციელოთ. ეს საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გვაძლევს ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და ამ კუთხით, ჩვენ გადავდგამთ მნიშვნელოვან და უკვე დამაგვირგვინებელ ნაბიჯებს ქალაქის მასშტაბით უახლოესი პერიოდების განმავლობაში“ – განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში მამუკა წოწერიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი