შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავება უწყებისთვის ღირსების საკითხია.
ვახტანგ გომელაურის თქმით, შსს-ის ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება და უწყება მის დასაკავებლად მუშაობს.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, მითუმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა, პირდაპირ გეტყვით, ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ამდენი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შსს. შეიძლება ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ამ წყაროს ვეყრდნობით“,-განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.