საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია.
მისივე თქმით, 5 ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება.
„ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ჩინური ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს – „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე არის ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, “ფაიზერიც“ მიმდინარე თვეში შემოვა.
„შემოვიდა მილიონი დოზა ვაქცინა, დამატებით მილიონს კიდევ ველოდებით და ალბათ, ერთ თვეში, უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა დამატებით. ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკიც“ – ანუ ჯამში ორი მილიონი გვაქვს უკვე შეკვეთილი.
გარდა ამისა, გეტყვით, რომ „ფაიზერთან“ ჩვენი წარმატებული მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილი გვაქვს მილიონი დოზის თაობაზე. „ფაიზერიც“ ეტაპობრივად უკვე ივლისიდან დაიწყებს აღნიშნული მილიონი დოზის მოწოდებას. ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე მივიღებთ, დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას, რაც რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს მიერ განსაზღვრული სამიზნე, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 60% სრულად იყოს აცრილი წლის ბოლომდე“, – განაცხადა პრემიერმა.