ენგურის ხიდი ორმხრივად ოფიციალურად გაიხსნა

დღეიდან, ენგურის ხიდზე გადაადგილება ყველა კატეგორიის პირისთვის ორმხრივად თავისუფალია.

აფხაზეთი-სამეგრელოს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე, პანდემიის მიზეზით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას თითქმის 1 წლის განმავლობაში შემზღუდავი რეჟიმი ქონდა დაწესებული და გადმოსვლა ცალმხრივად, მხოლოდ მრავალშვილიან დედებს, სოციალურად დაუცველებს შშმ პირებსა და პენსიონერებს შეეძლოთ. დღეიდან კი ეს შეზღუდვები ოფიციალურად მოიხსნა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დილიდან გადმოდიან მოქალაქეები. როგორც ისინი აცხადებენ ძირითადად პირველადი საჭიროებების პროდუქციისა და მომსახურებების მიღების მიზნით გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათ ხიდთან ანტიგენით ტესტირების გავლა უწევთ. ადგილზე მუშაობს ხუთი ბრიგადა. განთავსებულია ტესტირების სპეციალური პუნქტები, გადმოსვლელთა დასაყოვნებლი კარვები და ცალკეა საკარანტინე კარავიც იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს კორონავირუსი დაუდასტურდება.


დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა ფახულანი- საბერიოს ე.წ. გამშვები პუნქტიც. ადგილზე ეპიდემიოლოგთა ერთი ბრიგადაა მობილიზებული და სწრაფი ტესტირება უტარდებათ ორივე მიმართულებით გადამსვლელ მოქალაქეებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი