ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაცია Georgia e-Health დღეიდან ჩაუშვა, მისი მოძებნა შეგიძლიათ როგორც iOS App Store, ასევე Google Play store-ში.
აპლიკაციაში დატანილია ინფორმაცია იმუნიზაციასთან და ტესტებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ეს ობიექტებია: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე, საკონცერტო დარბაზები, სათამაშო ბიზნესის ობიექტები და ა.შ.
საკოორდინციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილებისთვის 6 თვის ჩამკეტი ვადა აღარ მოქმედებს და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს. საქართველოში მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს სწრაფი ტესტის მეშვეობით, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. მოქმედებს ასევე ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge.
საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.
ამასთან, მოქალაქეებს, რომელთაც იუსტიციის სახლებში კოვიდბარაათები 16 ნოემბრამდე აქვთ აღებულია, მათი განახლება მოუწევთ.
ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ე.წ მწვანე პასპორტების სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება 8 ნოემბერს მიიღო.
ამასთან, ყველა პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს.