ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრის ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები მიიტანეს, რომლის გარდაცვალებასაც ისინი ზეწოლას უკავშირებენ.
“პროპორცია არის ასეთი: 22 – მანდატი არის “ნაციონალური მოძრაობის”, 20 – “ქართული ოცნების” და 3 – გახარიასი, შესაბამისად, ჩვენ გვაკლდება 1 მანდატი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებისთვის, ხოლო “ქართულ ოცნებას” 3 მანდატი. დღეს ჩვენ არ მივიღებთ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობას და “ქართული ოცნება” საკუთარ თავთან მარტო დარჩება, ეს იქნება კიდევ ერთი ჩვენი პროტესტი,” – განაცხადა ენმ-ის წევრმა, ანა წითლიძემ.
“ქართული ოცნების” წევრი, სანდრო სორდია კი ოპონენტებს მოუწოდებს პროცესში მიიღონ მონაწილეობა.
დღეს უნდა აირჩეს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.
ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი “ნაციონალურმა მოძრაობამ”, 20 – “ქართულმა ოცნებამ”, 3 პარტია “საქართველოსთვის” მოიპოვეს.