საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებათდამცველის, შოთა თუთბერიძის თქმით, თუ იქნება, იმის საფუძველი, რომ ადვოკატებმა მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება, დაცვის მხარე ამას გააკეთებს.
„ჩვენ სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა არ გვქონდა. ბევრჯერ მოვითხოვეთ, რამდენჯერმე გვქონდა განცხადება დაწერილი, მაგრამ პასუხი ამაზე, სამწუხაროდ, არ მიგვიღია. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე კონსილიუმის შექმნის პირველი დღიდან ითხოვდა ფსიქიატრის ჩართულობას. „ქართული ოცნების“ სპიკერებმა ამას მიაბეს, თითქოს სააკაშვილს ჰქონდა მენტალური პრობლემები, თუმცა არა, სწორედ ფსიქიატრის ჩართულობა იყო საჭირო იმისთვის, რომ მას შეეფასებინა დანიშნული მედიკამენტების საჭიროება. დაცვის მხარეს შესაძლებლობა, რომ პროფესიულად და სრულად გამოეკვლია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა და შეეფასებინა დანიშნულება, არ ჰქონია. ადვოკატები, ბუნებრივია, რომ არ ვართ პროფესიონალი ექიმები, ხოლო პირადი ექიმი, რომელიც ითხოვდა ფსიქიატრის ჩართვას კონსილიუმში, დარჩა ყურადღების მიღმა. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, კომბინაციაში, ბუნებრივია, როცა „ემპათიის“ ხელმძღვანელისგან ვისმენთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო. ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეძლებოდა სასამართლოში მისვლა, ყველაზე კარგ შემთხვევაში. ყველაზე უარეს შემთხვევაში, უფრო შორს მიმავალი გეგმებიც არსებობდა,“ – განაცხადა ადვოკატმა.