პარლამენტის 150 წევრიდან ბიზნესთან კავშირი აქვს 62 დეპუტატს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა”

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, საკითხით საჯარო სამსახურის ბიურო უნდა დაინტერესდეს და ინტერესთა შესაძლო შეუთავსებლობის საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლოს.

„არადეკლარირებული კომპანიები რეალურად ეწევიან თუ არა სამეწარმეო საქმიანობას, ამის დადგენის შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია და ამ საკითხით საჯარო სამსახურის ბიურო უნდა დაინტერესდეს, ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი კი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა შეისწავლოს. პარლამენტის წევრთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებსა და კომპანიებში მათი კუთვნილი წილების შესახებ ინფორმაცია კვლევაში მოცემულია 2021 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით.

ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა პარლამენტის წევრების ბიზნეს ინტერესები: პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირი აქვს 62 დეპუტატს; 10 დეპუტატს წილის საკუთრება არასრულად აქვს მითითებული დეკლარაციაში, ეს დეპუტატები არიან: დავით კაჭარავა, ნონა მამულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ცეზარ ჩოჩელი, ტარიელ ნაკაიძე, ნინო წილოსანი, დილარ ხაბულიანი, იაგო ხვიჩია, ზაალ დუგლაძე, ფრიდონ ინჯია;

13-მა დეპუტატმა არასრულად დაადეკლარირა მისი არაპირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა (დაკავშირებული/შვილობილი საწარმოები);

ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს (10 და მეტი კომპანიაში) შემდეგი დეპუტატები ფლობენ:

ბადრი ჯაფარიძე (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსთვის“) – 32 კომპანია;

მამუკა ხაზარაძე (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსთვის“) – 30 კომპანია;

ვასილ ჩიგოგიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 22 კომპანია;

ავთანდილ ენუქიძე (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 20 კომპანია;

ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 20 კომპანია;

კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 12 კომპანია.

დილარ ხაბულიანი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 10 კომპანია.

სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით, მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად, უშუალოდ იყოს კომპანიის ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

12 შემთხვევაში დეპუტატები პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, განაგრძობდნენ სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, ეს დეპუტატები არიან: გიორგი გოდაბრელიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ნონა მამულაშვილი, მამუკა მდინარაძე, როსტომ ჩხეიძე, დევი ჭანკოტაძე, ლევან ხაბეიშვილი, იაგო ხვიჩია, დიმიტრი ხუნდაძე, თამარ ჩარკვიანი, ხათუნა კვიციანი.

სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად უმეტეს შემთხვევაში დეკლარაციებში მითითებულია 0 ლარი. შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან 62-დან მხოლოდ 22 დეპუტატი უთითებს. შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან აფიქსირებენ:

კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 11 268 533.54 ლარი;

ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 1 528 556 ლარი;

ანტონ ობოლაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 1 418 917.5 ლარი;

ელგუჯა გოცირიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 1 263 590.42 ლარი.

პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობისა და მათი ბიზნესთან კავშირის შესახებ ანგარიში ეყრდნობა ოფიციალური წყაროების (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი, პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია) დამუშავების შედეგად მოგროვებულ ინფორმაციას“, – აღნიშნულია კვლევაში.

აღნიშნულ საკითხზე „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს:

„საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განახორციელოს აღნიშნულ შემთხვევებზე ზედამხედველობა, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს კვლევაში მითითებული შემთხვევები და მოახდინოს რეაგირება;

საჯარო სამსახურის ბიურომ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი