ეუთოს ასამბლეამ რეზოლუციას “კონფლიქტები საქართველოში” მხარი დაუჭირა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს “კონფლიქტი საქართველოში” მხარი დაუჭირა.
რეზოლუციის პროექტს, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს მხარი მხოლოდ ეუთო-ს რუსულმა დელეგაციამ არ დაუჭირა.

რეზოლუცია 17 პუნქტისგან შედგება და ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას.

რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთოს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.

უცვლელად გთავაზობთ, რეზოლუციის პუნქტებს:

“1. ადასტურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ეუთოს ყველა ნორმის, პრინციპისა და ვალდებულების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, პარიზის ქარტიის, 1992 წლის ჰელსინკის დეკლარაციის, 1994 წლის ბუდაპეშტის დოკუმენტის, 1996 წლის ლისაბონის დოკუმენტის და 1999 წლის სტამბოლის სამიტზე მიღებული ევროპის უსაფრთხოების ქარტიისმიმართ სრულ მხარდაჭერას,

2. იხსენებს, რომ ეუთო, რეგიონული შეთანხმების მიხედვით, გაეროს ქარტიის მე-8 თავის შესაბამისად, წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას თავის რეგიონში არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებში,

3. ხელახლა უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერინტეტსა და ტერიტორიულმთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,

4. ხაზს უსვამსძალისხმევის გაძლიერებისმნიშვნელობასსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზითგადაჭრისათვის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის სრული პატივისცემის პირობებში და ყოველგვარი ესკალაციის, მუქარისა და ძალის გამოყენებისპრევენციით,

5. ხაზს უსვამსჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ერთადერთ ფორმატს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად,

6. გამოხატავს მწუხარებას, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებისა, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების გამოყენებით, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკის განხორციელებას,

7. ითვალისწინებს მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში

8. გამოხატავს შეშფოთებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომლებიც მუდმივად არიან მოკლებულნი მათი წარმოშობის ადგილზენებაყოფლობით, უსაფრთხოდ, ღირსეულად და შეუფერხებლადდაბრუნების შესაძლებლობას, ისევე როგორც საკუთრების უფლებას,

9. გმობს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და მიწაყრილების აღმართვის პროცესს, რითაც ხდება ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთისგან გაყოფა და მათი ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების ხელყოფა. მათ შორის, და არა მხოლოდ, ისეთი უფლებების, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ოჯახის, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების და სხვა სამოქალაქო და ეკონომიკური უფლებების,

10. ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2009 წლიდან, საქართველოში ეუთო-ს მისიის და საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის (UNOMIG) დახურვის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) არის ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი, რომელიც სამწუხაროდ ვერ ახერხებს სრულად განახორციელოს მინიჭებული მანდატი, ვინაიდან შეზღუდული აქვს წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონზე.

11. მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, სრულად და კეთილსინდისერად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შესახებ შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,

12. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია,

13. მოუწოდებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს კონსტრუქციული ჩართულობისკენ, რათა მოხდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევა,

14. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული პირობის საპასუხოდ, შეასრულოს ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება,

15. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ დაუშვას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება მათი წარმოშობის ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა და შესაძლებელი გახადოს ადგილზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელება,

16. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) შეუფერხებელი წვდომა;

17. მოუწოდებს ეუთოს გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი