ფოთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე. ურთიერთ დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” პერფომანსმა გამოიწვია. პარტიის წევრები, სხდომაზე მაისურებით მივიდნენ წარწერით – “დეოლიგარქიზაცია”. ოპოზიციის განცხადებით, მათ ამ ფორმით გააპროტესტეს, ის მთავარი პრობლემა, რის გამოც ფერხდება, საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.


ოპოზიციის პერფომანსმა “ქართული ოცნების ” წევრების გაღიზიანება გამოიწვია. დეპუტატებმა, ოპონენტებს წინა მმართველობაში ყოფნა შეახსენეს და 9 წლიანი რეჟიმის დროინდელი ძალადობრივი ფაქტების ამსახველი ფოტოები გამოფინეს, რასაც პარტიებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.


“ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, პარადოქსული იყო “ენმ”-ს მხრიდან დეოლიგარქიზაციაზე საუბარი, როცა საკუთარი პარტიის დამფინანსებლები მოქმედი ოლიგარქები არიან და თან აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკაში.

თავის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლები მსგავს პერფომანსებს ისევ აანონსებენ, მანამდე მხარდამჭერებს 3 ივლისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი