საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება, სადაც ამ უკანასკნელმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
“დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ აგებს ომს და იყენებს ბოლო არგუმენტს – ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აუცილებლად პირდაპირ ჩართავს ომში დასავლეთს, ამერიკის მეთაურობით. F35-ით დამომბვის რამდენიმედღიან კამპანიას შეუძლია რუსეთის არმიის სრული განადგურება. მობილიზაციაც ის წითელი ხაზია რუსეთის შიგნით, რომლის გადალახვაც ბოლომდე ძირს უთხრის რეჟიმისადმი მხარდაჭერას. წლის ბოლომდე პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში და რუსეთი იქნება სრულ ქაოსში.
პუტინმა ისევ ხაფანგში შეიყვანა საკუთარი თავი, რომლიდანაც კარგი გამოსავალი არ არსებობს. ბირთვული იარაღის გამოყენებას ასეთ დასუსტებულ პუტინს არავინ შეარჩენს თუნდაც იმის გამო, რომ ჩინეთს არ გაუხსნას ხელები ტაივანთან მიმართებაში”, – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
“გაწვევას დაექვემდებარებიან პირები, რომლებსაც აქვთ სამხედრო გამოცდილება, არიან თადარიგის სამხედროები. სამხედრო ნაწილებში გაგზავნამდე ყველა გაივლის დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გათვალისწინებით“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება იმ გამოწვევებს, რის წინაშეც რუსეთი ბოლო დროს აღმოჩნდა.
„მობილიზაცია რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი”, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.