“სტრატეგია აღმშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. უმრავლესობის წევრებმა პროტესტი მაგიდებზე მუშტების ბრახუნით გამოხატეს. საპასუხოდ ვაშაძემ უმრავლესობის დეპუტატებს უთხრა, რომ სიმართლის მოსმენა მათთვის რთულია.
„ჩვენი არჩევანი არის ღირსეული, ერთიანი, ძლიერი, ლიდერი საქართველოს არჩევანი, სადაც ღირსეული და თავისუფლების მოყვარული ადამიანები ცხოვრობენ. თქვენი არჩევანი არის საქართველოს არჩევანი, რომელიც გინდათ დაიმორჩილოთ, დაამონოთ, მაგრამ ამას ვერასდროს ეღირსებით იმიტომ, რომ ქართული, ევროპული გენეტიკა ამ გზიდან გადახვევის შესაძლებლობას არ მოგცემთ, რაც არ უნდა დეზინფორმაციის კამპანია აწარმოოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან დაიწყო საქართველოს ისტორიის ათვლის ახალი ეტაპი, რა შესაძლებლობაც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.
„24 თებერვალს ტერორისტული რუსული სახელმწიფოს მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შედეგად ჩვენ, აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. უკრაინელი ხალხის გმირობისა და გამბედაობის, სიმამაციდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირში, სწორედ ამ დღიდან დაიწყო საქართველოს ისტორიის ათვლის ახალი ეტაპი. დიახ, 24 თებერვალს, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინას გულშემატკივრობდა, სამწუხაროდ, თქვენი მოღალატეობრივი ქმედების შედეგად აჩვენებდით, რომ საქართველო თითქოს არ გულშემატკივრობდა მას. სწორედ 24 თებერვლის შედეგად თქვენ დაიწყეთ მტკიცება, რომ არანაირი დაჩქარებული პროცესი ევროკავშირში გაწევრიანებისა არ არსებობს. ჩვენ და რაც მთავარია, ათობით ათასი ქართველი ხალხი შეიკრიბა რუსთაველზე და თქვენ მოგიწიათ განაცხადის შეტანა ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით. მინდა პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებიც ჩვენი სახელით დღეს, უკრაინაში იბრძვიან“, – განაცხადა ვაშაძემ