2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში ხულოსა და ამბეოლაურში.
“აბიტურიენტების საყურადღებოდ:
რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: ძირითად ეტაპზე – 3 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოამზადა 2023 წლის გამოსაცდელებისათვის სპეციალური ელექტრონული კრებულები, რომლებშიც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია.
ცნობარი აბიტურიენტებისათვის – აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
გზამკვლევი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის– კრებულში განთავსებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ცნობარი თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ, აგრეთვე ტესტური დავალებების ნიმუშებს.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 2 მარტს გამოქვეყნდება“, – აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წყარო: ipn