300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დადგინდა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. 

უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1 100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს.

„რეფრომის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან.

მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, ეტაპობრივად, სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია მითითებულ საიტზეა განთავსებული“ – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი