რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყრულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, შაბათს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება შემდეგი რეჟიმით:
07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.
21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.
ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
მსუბუქ ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერეს-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს.
კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.