როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის თქმით, “როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში”.

“კარგად ვიცით, რომ ამ გაჭირვების ჟამს, დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, გარკვეულწილად, ქართველები თუ კონკრეტულ ძალებთან არ ვიყავით, ისე ძალიან გაჭირდება. ხედავთ როგორი სიტუაციაა. არის ცივილიზაციების ომი. არის რუსული ცივილიზაცია, რუსული იმპერიალიზმი და არის ასევე, სხვა დახვეწილი ფორმის, უკვე სხვა იმპერიალიზმი ვუწოდოთ, თავი არ მოვიტყუოთ. უკრაინაში რა ხდება, რუსმა რა იცის, რომ შიშველი ძალით დაეჯახოს. მიწები არ ჰყოფნის, დაავადებულია მიწებით. ამხელა სახელმწიფო რომ გაქვს, მსოფლიოს მერამდენედია რომ ავიღოთ, საბჭოთა კავშირის დროს მეექვსედი იყო და კიდევ აქეთ-იქით იწევდა. დღეს ახლა მერვედი ხომ მაინც იქნება. უკრაინა მოინდომა, უკრაინასთან ერთად მანამდე საქართველოსთან გზა გახსნილი ჰქონდა.1989 წელსაც შეგვიტია, შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომი გამოიწვია, არაეროვნული ძალები რომ მოეყვანა სათავეში და საბოლოოდ, ამას მიაღწია. დადგა დრო და ჩვენს ერს ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წევრი არ ექცეოდა ისე, როგორც საკუთარ ერს უნდა მოქცეოდნენ და ქართველმა ერმა განაჩენიც გამოიტანა და მოიშორა. ეს არ იყო მარტო არჩევნებით გაშვება, ეს იყო გაგდება და გაძევება. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს. რა ხდება დღეს, საქართველოს გზა ევროკავშირში არისო. გითხარით, რომ პირველ რიგში, ქართველმა აირჩია უფლის გზა და ჩვენი გზა ქრისტესთან არის. ეს ევროკავშირმაც იცოდეს და პირველ რიგში, იმ დაბრმავებულმა რამდენიმე ევროპარლამენტარმა, რომელიც ძალიან ცუდად გვექცევა ხოლმე. შეხედეთ დღეს რაც ხდება, რუსეთმა გააუქმა სავიზო შეზღუდვები, აღადგინა ფრენა. რატომ მოხდა ეს? თავიდან ვთქვი, როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში, უნდა შეგზღუდავს, უნდა მიგიშვებს. რა უნდა გააკეთო, შენ დაუწესო რამე? აბა შევხედოთ მსოფლიოში რა ხდება. მინდა უკრაინის ომზე ჩემი შეხედულება გითხართ და სხვებმაც იფიქრონ იმაზე, რა ხდება, ვინ და რატომ იბრძვის უკრაინაში. რა თქმა უნდა, რუსეთი შეიჭრა და ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო უკრაინა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი შეფასებით, უკრაინაში „არაადამიანური რამ ხდება“, რადგან რუსეთი თავისი შეიარაღებით ქვეყანას ანადგურებს.

„როდის დამთავრდება ომი? ახლა ვინმეს უნდა, რომ რუსეთი სულ გაანადგუროს? მაგის ილუზია გვაქვს? თუ რუსეთ-უკრაინის ომი რომ დამთავრდება, მაგით მთავრდება ყველაფერი. სხვა გეგმები არ არის? არ გაგრძელდება სხვაგან? აბა გადავხედოთ. მიზანი იკვეთება თუ არა ნელ-ნელა. ამიტომ, საქართველოსაც მოუწევს დადგომა. სადაც ძალადობაა, იქ დადგომა არ გინდა ხომ. უკრაინას რომ უჭირდა, გაზსაც იღებდა რუსეთისგან, რუსეთთან, მოლაპარაკებაზე მიდის, რომ თავის ხორბალი გაიტანოს და გაყიდოს, ჩვენი ხელისუფლება ხომ არ იტყუება. ჩვენმა ხელისუფლებამ ბრძანა, ხალხს რომ უჭირს და მძიმე სიტუაცია გვაქვს, ყველასთან ვვაჭრობთო. ხორბალიც გვინდა და პურიც, სამწუხაროდ, ჩვენ თვითკმარობა არ გვაქვს. დაგვეხმაროს დასავლეთი, უკრაინაში რომ იმდენ ფულს დებს. თუ ჩვენც პარტნიორები ვართ, დაგვეხმაროს და მათგან ვიყიდით. რასაც რუსეთს ვუხდით ფულს, დანამატი რაც იქნება, თვითონ გადაიხადონ და მათგან ვიყიდით. ახლა შეცვალა რუსეთის პრეზიდენტმა რაღაც, ჩვენთან გამოვარდნენ, რა ხდებაო. რა ხდება და შენ ის არ ხარ, 20% რომ ჩააბარე? პირდაპირ ვიტყვი, ჩააბარეს, გაყვეს საქართველო. რუსეთს მისცეს ბაზები და აქეთ არის დანარჩენი საქართველო დარჩენილი. ჩვენ ხომ ჩვენს ძმა აფხაზებთან და ოსებთან არ გვინდა ომი და დავიდარაბა. აბა წარმოიდგინეთ, უკრაინაში რაც ხდება, საქართველოც რომ მოხდეს. რუსეთის ბაზებიდან დანარჩენი საქართველო დაბომბონ და აქედან კიდევ რუსეთის ბაზები. ხომ მარტო საქართველო ნადგურდება? რამდენი კაცი დარჩება საქართველოში მცხოვრები, ამას ხომ უნდა ვუყუროთ“, – განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი