“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ წლევანდელი წელი გამორჩეულია “ჩუტყვავილას” შემთხვევების მატების თვალსაზრისით.
“წელს გვაქვს ასევე აფეთქება, ზუსტად 5 წლის შემდეგ 2018 წლიდან და 4 თვეში, იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში გვქონდა 3 118 დადასტურებული შემთხვევა ჩუტყვავილასი. შესაბამისად, თუ ეს ტენდენციაც გაგრძელდა, 2023 წელიც იქნება ასევე ამ მხრივ გამორჩეული და ალბათ, ათიათასამდე შემთხვევა გვექნება წლის განმავლობაში. 2018 წლის შემდეგ, წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების ძალიან მკვეთრი მატება გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა წლებში აღინიშნება”, – განაცხადა ჩხაიძემ “კვირის” პრესკლუბში.
მისი თქმით, ჩუტყვავილა მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, სადაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა იშვიათია.
“დღეისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას, რომ უნივერსალურად ყველა ქვეყანამ ჩაატაროს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჩხაიძე განმარტავს, რომ ჩუტყვავილას ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტებში, რომლებსაც ვაქცინები ინდივიდუალურად შემოაქვთ”, – განაცხადა მან.