პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივით გამოდის.
“რუსეთში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ყურადღებით ვადევნებ.მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს“, – წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. დღეს დილით კი მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რუსეთში არსებულ ვითარებას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ის მიმდინარე პროცესებს „სამხედრო ამბოხს“ უწოდებს და ამბობს, რომ სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებენ.
„ნებისმიერი შიდა არეულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის, მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს. ეს რუსეთზე, ჩვენს ხალხზე მიტანილი დარტყმაა და ჩვენი ქმედებები სამშობლოს დაცვისთვის მკაცრი იქნება. როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა ქვეყანა, კონსტიტუცია, მოქალაქეების უსაფრთხოება და თავისუფლება“, – განაცხადა პუტინმა.