შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევა ქვეყნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია.

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უწყებამ განაცხადა, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებენ. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები.

სააგენტოს ცნობით, აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

მანამდე შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი ყოველთვიურად ხორციელდებოდა.

შავი ზღვის წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა კახოვკის კაშხალი ააფეთქა. გარდა დაიბნძურების რისკისა, გაერო ამბობს, რომ კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შეიძლება შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი