საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის აზრით, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

“რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის არსებული სახით არ მიღებას, აქაც ჩვენ დაგვჭირდება კონსულტაციები. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დაკონკრეტება თუ რა იგულისხმება დეოლიგარქიზაციაში. პერსონალიზებული მიდგომა თუ არ იგულისხმება, მაშინ დეოლიგარქიზაციაზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი. თუ საუბარია მხოლოდ სისტემურ მიდგომაზე, მაშინ უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას საქართველოს პარლამენტის და ხელისუფლების მხრიდან.

შემდეგი საკითხია მანივალის რეკომენდაციების შესრულება, ეს ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება. ეს არ არის პოლიტიზირებული საკითხი, გვექნება კონსულტაციების და ამის საფუძველზე გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდეს მანივალის რეკომენდაციებს.

სექსუალური უმცირესობის შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა და დაცვა – ამ დღეებშიც იმართება შესაბამისი შეკრებები და პოლიცია არის მაქსიმალურად მობილიზებული იმისთვის, რომ  უსაფრთხოება იყოს დაცული.

ჯამში არის 18 კონკრეტული მოთხოვნა შესასრულებელი, რაც გამოიკვეთა ევროკომისიის ანგარიშზე. აქედან 10 უკავშირდება პრაქტიკის გაუმჯობესებას. ამ თემასთან დაკავშირებით ვერავინ იტყვის, რომ რაღაცა არ გავაკეთეთ, ანუ რაღაცები გაკეთდა, კანონმდებლობა არსებითად შეიცვალა და ახლა ითხივენ ამ კანონმდებლობის უკვე პრაქტიკაში სათანადოდ დანერგვას.

ყველა ეს პუნქტი რომ შევაჯამოთ, ბოლოს გარდა, აშკარად ჩანს, რომ რაღაცის არგაკეთებას არავინ გვედავება.

რეალურად ეს ყველაფერი, მათ შორის ეს ბოლო სტატისტიკა, აჩვენებს რას, რომ პრინციპულად ხელისუფლებამ, პირველ რიგში პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა 12-ივე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ.

ამ ყველაფრიდან ჩანს შემდეგი, ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება, რეალურად შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით, ჩანს, რომ ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. ჩვენ შარშანაც ვიყავით მზად იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში საერთოდ საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი როგორ იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში ჩვენი აზრით, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი