ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
უხვმა ნალექმა გზის სავალი ნაწილი და ეზოები დატბორა. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახური.
კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მცირე მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია.
სტიქიის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გვაქვს მეწყერული ზონები, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზების ჩაკეტვა, თუმცა ამ პერიოდისთვის ყველა გზა გაწმენდილია და აღდგენილია საავტომობილო გზებზე მოძრაობა. ასევე, სანაპირო ზოლზე მოიმატა მდინარე ენგურის ნაკადმა, რამაც შექმნა მნიშვნელოვანი საშიშროება მოსახლეობის დატბორვის. ამ ეტაპისთვის ხორციელდება მდინარე ენგურის შესართავთან ახალი, დამატებითი არხების გაჭრა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი დატბორვის საშიშროება ავარიდოთ. იწმინდება მთელი სანაპირო ზოლი ნატანი მასისგან და მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები“- აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
გაწმენდით სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“.
აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ. აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო – პრო ჯორჯიას” ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს.