პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იქნება ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის.
“მქონდა შეხვედრა შარლ მიშელთან, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერებთან, სადაც მათ ღიად ვესაუბრები. ჩემი გზავნილი არის მარტივი, ძალიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესისა და რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე ეს მათ მკაფიოდ დავუფიქსირე. სხვა შემთხვევაში, მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის, უბრალოდ ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ.
ბორელთან პრესკონფერენციაზე შემთხვევით არ მითქვამს, რომ ქართველებს არ გვიყვარს და აბსოლუტურად მიუღებელია უსამართლო მოპყრობა, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ისევე, როგორც მიუღებელია მცდელობა, რომ ჩვენ ვიღაცამ დაგვჩაგროს და უკანა რიგებში გადაგვსვას. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ე.წ.ტრიოს ფორმატში, უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ფორმატში, ყოველთვის იყო და არის დღესაც მოწინავე პოზიციებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი-მინისტრის თქმით, საქართველო მოლდოვასაც და უკრაინასაც ყველა მიმართულებით წინ უსწრებს და შედარებაც არ შეიძლება.