საკონსტიტუცი სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც ცალსახად და მკაფიოდ აღნიშნავს, რომ მისი როლი არ არის იმის შეფასება, იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურების შემთხვევაში, იმსახურებს თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირი, შესაბამისი დარღვევის გამო თანამდებობიდან გადაყენებას.
“2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე (№1797 კონსტიტუციური წარდგინება), გამოაქვეყნა დასკვნა და დაადგინა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორების არგუმენტაციით, საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური სისტემისა და მმართველობის საპარლამენტო მოდელის პირობებში, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე ექსკლუზიურად უფლებამოსილ ერთადერთ კონსტიტუციურ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს. მათი პოზიციით, კონსტიტუციური კანონმდებლის ასეთი მიდგომა ასახულია სახელისუფლებო განშტოებებს შორის კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილებათა გამიჯვნითა და დანაწილებით, ისევე როგორც რიგი კონსტიტუციურსამართლებრივი ნორმებით, მათ შორის, უწინარესად, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესით, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კონსტიტუციური წარდგინების ავტორები აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციითვე დადგენილი საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის არარსებობის მიუხედავად, საზღვარგარეთ განახორციელა სამი სამუშაო ვიზიტი. წარდგინების ავტორთა მითითებით, საქართველოს პრეზიდენტმა ზემოხსენებული ვიზიტებით, ერთი მხრივ, განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობათა სფეროში, ხოლო, მეორე მხრივ, აწარმოა მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტებთან, რაც წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას და, კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, ქმნიდა იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველს.
საკონსტიტუციო სასამართლომ, უწინარეს ყოვლისა, განხილვის საგნის სპეციფიკურობისა და მისი სრულყოფილი კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის, პირველ რიგში, გამოიკვლია და დაადგინა ფაქტები, ხოლო შემდეგ სამართლებრივად შეაფასა ისინი კონსტიტუციის ყველა რელევანტურ ნორმასთან მიმართებით. სასამართლომ ფაქტების დადგენის ნაწილში გამოიყენა „ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულების“ სტანდარტი.
მტკიცების ამ სტანდარტის გამოყენებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში, მთავრობის თანხმობის გარეშე, განახორციელა სამუშაო შეხვედრები საზღვარგარეთ საგარეო პოლიტიკურ საკითხზე.
რაც შეხება ხსენებული ფაქტების სამართლებრივ შეფასებას, საკონსტიტუციო სასამართლომ გაანალიზა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი და მისი ადგილი ხელისუფლების დანაწილების სისტემაში. კონსტიტუციის სტრუქტურის, კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებისა და რელევანტური კონსტიტუციური ნორმების სისტემური განმარტებისა და ურთიერთკავშირის საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მმართველობის საპარლამენტო მოდელის გათვალისწინებით, წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, რომელიც არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ამასთანავე, განმარტა რა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე (პრეზიდენტის სტატუსი) და 52-ე (პრეზიდენტის უფლებამოსილებანი) მუხლები, სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი უფლებამოსილებანი საგარეო ურთიერთობებში გათვალისწინებულია მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ხოლო 49-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტატუსის თითოეული ასპექტი, ისევე როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლი, დამოუკიდებლად, პრეზიდენტის რაიმე უფლებამოსილებას არ ადგენს. სასამართლოს განმარტებით, საკუთრივ კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს რომ პრეზიდენტის ნებისმიერი უფლებამოსილება კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმით იყოს პირდაპირ და სახელდებით გათვალისწინებული.
ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, განმარტა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და მოლაპარაკების წარმოების კონსტიტუციური შინაარსი, მათი ძირითადი მახასიათებლები და კრიტერიუმები, ასევე ხაზი გაუსვა ამ სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და დაადასტურა, რომ არსებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეოპოლიტიკური აქტივობა წინდაწინვე სავალდებულო წესით ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის არსებობას; რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შეიჭრეს და დამოუკიდებელი, პარალელური საგარეო პოლიტიკა განახორციელოს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „მთავრობისგან თანხმობის მიღება“ გულისხმობდა მთავრობასთან სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებში შეთანხმებული მოქმედების ვალდებულებას პრეზიდენტისათვის”.