თითოეული ადამიანი უნდა დავირაზმოთ, უცხოეთშიც და საქართველოშიც – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა ერთიანობის დროა.

“ჩვენ ახლა თითოეული ადამიანი უნდა დავირაზმოთ – უცხოეთშიც და საქართველოშიც. ახლა არის ერთიანობის დრო. ყველანაირი წყენა და პირადი გარჩევები გვერდზე უნდა გადავდოთ, რადგან საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება. ამას გეუბნებით მე – მიშა სააკაშვილი, რომელმაც საქართველოსთვის თავი გადადო და გასწირა.

ახლა ჩვენი რიგია, დავდგეთ ისევ ლიდერების პოზიციებში, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი. გაიხსენეთ ეს დრო. ჩვენ ვიყავით ამ სამეულში [უკრაინა, მოლდოვა, საქართველო] უპირობებო ლიდერი. კითხვის ნიშანიც არ იდგა. ახლა მოჩანჩალის მდგომარეობაში [ვართ]. რაღაცნაირად ისევ ჩვენი ხალხი აწვება ამ ურიკას წინ მთელი ძალით. პირველი წლები მიგორავდა თავისით ინერციით, მერე გაჩერდა, მერე უკან დაიწყო, მაგრამ ახლა ჩვენმა ხალმა უნდა კრას ხელი. მაშინ ჩვენ ვკარით ქვეყანას ხელი „ვარდების რევოლუციის“ წინ, წინ ვუბიძგეთ და წავედით წინ, ახლა ჩვენმა ხალხმა უნდა უბიძგოს წინ და კრას ხელი. ყველაფერი გამოგვივა! საქართველო არჩევნების შემდეგ, 4 წელიწადში ევროკავშირის წევრი იქნება. საქართველო იქნება მშვიდობიანი, ძლიერი, ერთიანი ქვეყანა. წინ გამარჯვებისკენ! წინ ერთიანობისკენ! წინ ევროპისკენ! საქართველოს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს! ამასწინათ ლავროვმა კიდევ მომიხსენია – მე არავის ყელში გაჩხერას არ ვაპირებ. საერთოდ არ ვაპირებ რუსეთისკენ უკან გახედვას. ჩვენი ამოცანა არის ახლა ევროპისკენ ყურება და იქიდან ვეღარავინ გამოგვქაჩავს უკან!,“ – აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი